Thursday, January 24, 2013
პლაჟის ფრენბურთი
პლაჟის ფრენბურთი. სპორტული თამაში 2-2-კაციან გუნდებს შორის ბადით გაყოფილ ქვიშიან მოედანზე. მოთამაშენი ბურთს ერთმანეთს ხელით გადასცემენ და ცდილობენ, ისე გადააგდონ ბადის იქით, მეტოქის მოედანზე, რომ მიწაზე დაეშვას ან მოწინააღმდეგემ დაკარგოს. ევროპის ჩემპიონატი იმართება 1993 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი _ 1987-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1996-იდან.პლაჟის ფრენბურთს 1920-იანი წლებიდან თამაშობდნენ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში. 1930 წლიდან შეჯიბრებები იმართებოდა საფრანგეთში, ბულგარეთში, ჩეხოსლოვაკიასა და ლატვიაში. გუნდში 3 ან 4 მოთამაშე იყო. 2-კაციანი გუნდების პირველი ოფიციალური ტურნირი 1947 წელს ჩატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. იმავე პერიოდში პლაჟის ფრენბურთი ფართოდ გავრცელდა ბრაზილიაში, მოგვიანებით _ არგენტინაში. 1965 წელს აშშ-ში შეიქმნა სპორტის ამ სახეობის მიმდევართა პირველი გაერთიანება _ კალიფორნიის პლაჟის ფრენბურთის ასოციაცია. 1974 წელს სან-დიეგოში (აშშ) გაიმართა პირველი კომერციული ტურნირი, ორი წლის შემდეგ კი ისევ ამერიკაში მოეწყო მსოფლიოს პირველი არაოფიციალური ჩემპიონატი. ადრინდელ შეჯიბრებებში მხოლოდ კაცები გამოდიოდნენ, მოგვიანებით კი პლაჟის ფრენბურთში ქალებიც ჩაებნენ. 1986 წელს ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ეს თამაში დამოუკიდებელ სახეობად ცნო და ოფიციალური სტატუსი მიანიჭა, 1993 წელს კი სოკმა იგი ოლიმპიურ სახეობად აღიარა.პლაჟის ფრენბურთის ოლიმპიური დებიუტი მოეწყო1996 წელს, ატლანტაში. კაცების ტურნირი ამერიკელებმა მოიგეს, ქალებისა _ ბრაზილიელებმა. სიდნეიში კაცებში კვლავ ამერიკელებმა იმარჯვეს, ქალებში _ ავსტრალიელებმა. 1980-იანი წლების მიწურულს კლასიკურ ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატის პარალელურად ღია მოედნებზე წყვილთა შეხვედრებსაც აწყობდნენ. ეს იყო პირველი მცდელობა საქართველოში პლაჟის ფრენბურთის განვითარებისა. 1997 წლიდან ამ საქმეს უძღვებოდა პლაჟის ფრენბურთის კავშირი, რომელიც ფრენბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის ედუარდ სანთელაძის თაოსნობით შეიქმნა. კავშირმა 1997-2000 წლებში ბათუმსა და თბილისში ოთხჯერ ჩაატარა საქართველოს ჩემპიონატი. ქალებში ქვეყნის პირველი ჩემპიონები იყვნენ თამარ ლატარია და ანა ბჟეჟინსკაია (ბათუმი), კაცებში _ ირაკლი ჩაჩუა და სულხან ახვლედიანი (თბილისი). იმავე პერიოდში შეიქმნა ბავშვთა ჯგუფები, თბილისში გაიმართა რამდენიმე შეჯიბრება, საქართველოს გუნდები მონაწილეობდნენ თურქეთისა და საბერძნეთის საერთაშორისო ტურნირებში. 2001 წელს ოფიციალური სარეიტინგო მატჩები გამართა თბილისელ ფრენბურთელთა წყვილმა (სულხან ახვლედიანი, ვახტანგ ჩიქოვანი). ბათუმსა და თბილისში მოეწყო პლაჟის ფრენბურთის სპეციალური მოედნები, მაგრამ შემდგომ უსახსრობის გამო სპორტის ამ სახეობის განვითარება შეფერხდა. ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაცია (Federation internationale de Volleyball -FIVB) დაარსდა 1947 წლის 19 აპრილს პარიზში (საფრანგეთი). დამფუძნებელი ქვეყნები: აშშ, ბელგია, ბრაზილია, ეგვიპტე, იტალია, იუგოსლავია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საფრანგეთი, ურუგვაი, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია და ჰოლანდია. აერთიანებს 218 ქვეყნის ფედერაციას და 5 კონფედერაციას
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment